среда, 10 апреля 2019 г.

კვლევა

         ფოკუსჯგუფი (დანართი #1) - ფოკუსჯგუფის საშუალებით

 ჩამოვაყალიბეთ კითხვარი , რომელიც განკუთვნილი იყო სპეცმასწავლებლის და კლასში შემსვლელი პედაგოგების გამოკითხვისათვის. ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო , დაგვედგინა პედაგოგების ვარაუდები  და დასკვნები სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართვისთვის. ასევე გაგვეგო, როგორი იყო მასწავლებელთა მოლოდინები სსსმ მოსწავლის, გიორგი დანელიას მიმართ.
     სპეცმასწავლებლის, თეა თაფლაძის დასკვნებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით ჩამოვაყალიბეთ გარკვეული შემფერხებელი ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები.

        კითხვები სპეცმასწავლებელს:


1.    როგორია სსსმ მოსწავლის დიაგნოზი?
2.    როგორ ფასდება მისი ფსიქოლოგიური და სოციალური უნარები?
3.    შეუძლია თუ არა სსსმ მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური       შეფასება?
4.    ხომ არ ავლენს გიორგი განსაკუთრებულ მიდრეკილებას რაღაცის მიმართ?
5.    რამდენად ეფექტურად  ახერხებს სსსმ მოსწავლე თქვენთან ურთიერთობისას საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზებას?


    კითხვები კლასში შემსვლელ მასწავლებლებს:


1.    რამდენად ახერხებთ თქვენს გაკვეთილზე სსსმ მოსწავლის, გიორგი დანელიას ეფექტურად ჩართვას ?

2.    როგორია თქვენი მოლოდინები სსსმ მოსწავლის მიმართ?
3.    აძლევთ თუ არა სსსმ მოსწავლეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრულ დავალებებს და რამდენად ახერხებს მათ ათვისებას?
4.    როგორია სსსმ მოსწავლის განვითარება? იგრძნობა თუ არა პროგრესი?  თუ მისი დონე თანდათან კლებულობს?
5.    თანამშრომლობთ თუ არა კლასში შემსვლელი მასწავლებლები ერთმანეთთან, სპეცმასწავლებელთან, დამრიგებელთან და სსსმ მოსწავლის მშობლებთან?
6.    როგორია სსსმ მოსწავლის თვითშეფასების უნარი?
7.    იღებს თუ არა სსსმ მოსწავლე თქვენგან მის უნარებზე ადაპტირებულ უკუკავშირს?
8.    როგორ ფიქრობთ, რა მიზეზით ვერ ახერხებს სსსმ მოსწავლე საგაკვეთილო პროცესში ეფექტურ ჩართულობას?
9.    რა სტრატეგიები და აქტივობები შეიძლება იქნეს გამოყენებული იმისათვის,რომ სსსმ მოსწავლემ შეძლოს საგაკვეთილო პროცესში ეფექტური ჩართულობა?


უბრალო და ჩართული დაკვირვება - ამ მეთოდით განვახორციელეთ 

დაკვირვებები საკუთარ ( კვლევის ავტორის) გაკვეთილზე ჩართული დაკვირვებით და სხვა მასწავლებელთა გაკვეთილზე უბრალო დაკვირვების გზით, რათა მოგვეხდინა პრობლემისა და ინტერვენციების განხორციელების შემდეგ შესაძლო ცვლილებების იდენტიფიცირება.

ანონიმური ანკეტური გამოკითხვა ( დანართი #3) -                            

ამ მეთოდს იმიტომ მივმართეთ, რომ კლასის სხვა მოსწავლეებისაგან პასუხი მიგვეღო მნიშვნელოვან კითხვებზე:
1.    სცემთ თუ არა პატივს ამხანაგები ერთმანეთს?
2.    როგორია თქვენი დამოკიდებულება სსსმ მოსწავლის , გიორგი დანელიას მიმართ?
3.    თქვენი ამხანაგები სცემენ თუ არა პატივს გიორგი დანელიას?
4.    როგორ მიგაჩნიათ, უნდა სწავლობდეს თუ არა ასეთი მოსწავლე თქვენს გვერდით?
5.    რამდენად კომუნიკაბელურია გიორგი თქვენთან და აქვს თუ არა მას განსაკუთრებული ურთიერთობა რომელიმე მოსწავლესთან?
6.    აქვს თუ არა სსსმ მოსწავლეს შექმნილი შესაფერისი საკლასო გარემო?
7.    ავლენს თუ არა გიორგი დანელია გაკვეთილებზე საკუთარ შესაძლებლობებს?
8.    აძლევთ თუ არა გიორგის იმის საშუალებას, რომ მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას გასცეს სათანადო პასუხი?
9.    როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად არის აგებული აღნიშნული მოსწავლისადმი მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება სირთულე-სიმარტივის განსხვავების მიზნით?
10.   ხომ არ იჩენს გიორგი დანელია განსაკუთრებულ ინტერესს რომელიმე საგნის მიმართ?
11.   როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ეს მოსწავლე არ არის ჩართული ეფექტურად საგაკვეთილო პროცესში?
12.   თქვენი აზრით, რა ცვლილებებია საჭირო საგაკვეთილო პროცესში, რათა აღნიშნულმა მოსწავლემ გაკვეთილზე შეძლოს ეფექტური ჩართულობა და გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი?

понедельник, 8 апреля 2019 г.

კვლევა

                                           თავი IV


                                  მეთოდოლოგია


4. 1.   კვლევის სამიზნე ჯგუფი:


1)     სსსმ მოსწავლე ( გიორგი დანელია).
2)     სსსმ მოსწავლის მშობლები.
3)     IX  კლასის დამრიგებელი.
4)     IX კლასის მოსწავლეები.
5)     სპეც. მასწავლებელი.
6)     კლასში შემსვლელი მასწავლებლები.



4.2 .  შერჩევა

კვლევაში გამოყენებულია შერჩევის ტიპები:

      უბრალო ტიპის შერჩევა - საკვლევი პრობლემის შესასწავლად დაიგეგმა IX კლასის მოსწავლეებისა და სსსმ მოსწავლის გამოკითხვა. მოსწავლეთა რაოდენობა კლასში შეადგენს 22-ს და მათ შორის სსსმ მოსწავლე არის ერთი( გიორგი დანელია).

     ჩართული ტიპის მიზნობრივი შერჩევა - კვლევის ფარგლებში ეს შერჩევა გამოიყენება ინტერვიუს დროს. ვინაიდან ამ ბავშვის ყოველდღიური ცვლილება დიდადაა დამოკიდებულიმშობლებზე, ინტერვიუ განხორციელდა სსსმ მოსწავლის , გიორგი დანელიას მშობელთან თამარ ხაინდრავასთან.
ასევე მიზნობრივად შევარჩიეთ კლასში შემსვლელი მასწავლებლები ( მათემატიკის მასწავლებელი დენო დანელია, ფიზიკის მასწავლებელი მავლინა ჯღარკავა, ისტორიის მასწავლებელი გიული თაფლიაშვილი, რუსულის მასწავლებელი დალინა სურმავა, ბიოლოგიის მასწავლებელი რუსუდან კუპრავა, ქიმიის მასწავლებელი მაია გაწერელია, ინგლისურის მასწავლებელი მარიკა წულაია და ხელოვნების მასწავლებელი მცინარა გოგიავა).

      უბრალო ტიპის მიზნობრივი შერჩევა - ინტერვენციის შემდგომ მიღწეული შედეგების განსაზღვრის მიზნით განხორციელდა ისტორიისა და მათემატიკის გაკვეთილზე დასწრება.

      ჩართული ტიპის მიზნობრივი შერჩევა - ინტერვენციების შემდეგ მიღწეული შედეგების განსაზღვრის მიზნით განხორციელდა კვლევის ავტორის მიერ გაკვეთილზე ჩართული ტიპის დაკვირვება.

4. 3. მონაცემების შეგროვება:


მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

ჩაღრმავებული ინტერვიუ ( დანართი #2) - ჩაღრმავებული ინტერვიუ განხორციელდა 

სსსმ მოსწავლის მშობელთან თამარ ხაინდრავასთან. ამ ინტერვიუმ საშუალება მოგვცა დეტალური ინფორმაცია აგვეღო და პასუხი გაგვეცა შემდეგი კითხვებისთვის:

1. როგორია მისი შვილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა?
2. ხომ არააქვს ამ მოსწავლეს განსაკუთრებული მიდრეკილება ( ნიჭი) რაღაცის მიმართ?
3. როგორია მათი ურთიერთობა ერთმანეთთან ?
4. რამდენად ახლოსაა მშობლები შვილთან და უზიარებს თუ არა შვილი მათ საკუთარ  პრობლემებსა და მოსაზრებებს? 
5. ხომ არ არის მისი შვილი საკუთარ თავში ჩაკეტილი?
6. აქვთ თუ არა შვილთან ხშირი კომუნიკაცია?
7. ეხმარებიან თუ არა შვილს გაკვეთილებისა და საშინაო დავალების მომზადებაში?
8 როგორია მათი დამოკიდებულება სკოლის , კლასის და მასწავლებლების მიმართ?
9. რამ შეიძლება გაზარდოს მათი შვილის მოტივაცია გაკვეთილზე უკეთ ჩართვის მიზნით?
10. რამდენად ხშირად ახერხებენ პედაგოგებთან კომუნიკაციას და აზრთა ურთიერგაზიარებას?

вторник, 2 апреля 2019 г.

კვლევა

   


 ლიტერატურის მიმოხილვა



ჩართულობა და ინკლუზიური საკლასო ოთახი


 a-  A+ 
ჩართულობა რომ თანამედროვე სასწავლო სივრცის განუყოფელ ატრიბუტად უნდა ვაქციოთ და მიდგომა, რომ სკოლებმა  ყველა ბავშვისთვის თანაბარი განათლების უზრუნველყოფა მათი ტალანტის გაუფლანგავად  უნდა მოახერხონ, დავას აღარ უნდა იწვევდეს. თუმცა ინკლუზიური სკოლების  მიერ არაერთგვაროვან მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილების და მრავალფეროვანი საზოგადოების ასახვის იდეა ჯერ კიდევ მრავალი ქვეყნის განათლების სისტემის დებატისა და განვითარების წყაროდ მოიაზრება (Ainscow, Howes, Farrell and Frankham, 2003; როუზი და ენგი, 2013). ჩართულობის განათლებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გაისმის ჩვენშიც და ხშირად რწმენა, რომ ყველა ბავშვს აქვს განთლების მიღებისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის უფლება უარყოფილია. შესაბამისად, ვერ ხერხდება ინტერესების დაცვა იმ მოსწავლეებისა, ვინც სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონეს სტატუსს ატარებს ან არ ატარებს, თუმცა მათი ქცევა და სწავლისადმი დამოკიდებულება აშკარად  იძლევა ინკლუზიური საკლასო გარემოს შექმნის და არსებობის საფუძველს.
არცთუ იშვიათად მითხოვია მოსწავლეთათვის, ერთი წუთით თვალები დაეხუჭათ და წარმოედგინათ, რომ ბუნებაში ყოველი ხაზი ან ფერი არის წითელი ან ყვითელი ან თუნდაც მწვანე; მითხოვია დაეშვათ, რომ სამყაროში მხოლოდ ერთი მუსიკალური ბგერა არსებობს, მაგ., დო ან რე და გაეთამაშებინათ მსგავსი მონოტონურობა. ბგერებისა თუ ფერების განსხვავებებით მიღწეული გამის ჰარმონია ცხოვრების მოდელად რომ გადმოვიტანოთ და მისი ასახვა საკლასო ოთახიდან დავიწყოთ, სულაც არაა ძნელი საქმე. მთავარი იმის გააზრებაა, რომ თითოეული ადამიანი განსხვავებულია და ინკლუზიური სწავლების მიზანიც ნორმისა და პათოლოგიის ინტეგრირება კი არა, არამედ ჯგუფში თითოეული ადამიანის ჩართვა, მათი უფლებების დაცვა და შესაძლებლობების აღიარებაა, მიუხედავად იმისა,  ვიწოდებით თუ არა სსსმ-დ.
       არც ჩვენში და არც საზღვარგარეთ ეკონომიკური ტიპის პრობლემების, შეზღუდვის ან დასწავლის სირთულის „იარლიყის“ მქონე ბავშვების, ან ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების (როგორიცაა, მაგალითად, ბოშები) განათლება არასდროს ყოფილა პრიორიტეტი. პრიორიტეტი არც იმ ბავშვების სასწავლო პროცესში საფუძვლიანი ჩართვაა, რომლებმაც სწორედ ინკლუზიის არარსებობის გამო  ფეხი ვეღარ აუწყვეს სასწავლო მასალას და საბაზო თუ საშუალო საფეხურზე პროგრამიდან ამოვარდნენ. სამწუხაროდ, ჩვენს საჯარო სკოლებში არც თუ იშვიათია ისეთი კლასების არსებობა, სადაც 30-იდან მხოლოდ 5-10 მოსწავლე სწავლობს, დანარჩენები კი სკოლებში დროის გაყვანის, მშობელთა ახირების ან თუნდაც დამრიგებლების ზარების წყალობით დადიან. შედეგი კი ის არის, რომ საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლაში საგაკვეთილო პროცესში ჩართვასა და მასწავლებლის მოსმენას რეპეტიტორთან მიღებულ ცოდნას ამჯობინებს და ამ გზით ხვდება უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებელში. მეორე ცუდი შედეგია, რომ საჯარო სკოლებისა და მათი პედაგოგების რეიტინგი თანდათან იკლებს, სახელმწიფოც ამაოდ იხარჯება და სანამ ყველაფერი ავგიას თავლას დამსგავსებია, საჭირო და აუცილებელია  ინკლუზიური საგანმანათლებლო სისტემის უზრუნველყოფა და ამისთვის  დაწყებით საფეხურზევე უნივერსალური განათლების ჩამოყალიბება, რადგან სხვანაირად  ვერც  ჰერაკლე დაგვეხმარება, ვერც თეზევსი ან არიადნა გვიშველის თავისი მაგიური ძაფით.
     ერთი შემთხვევა მახსენდება. პირველად საჯარო სკოლაში სხვადასხვა ეროვნებისა და ქცევის 13-14 წლის ბავშვებთან შემიშვეს, თან გამაფრთხილეს, რომ სკოლაში ყველაზე რთული კლასი იყო და თავიდანვე მაგრად უნდა დავმდგარიყავი. თავის წარდგენა რომ დავაპირე, გვერდიდან ლოყაზე წვერგამოცლილი კალმისტრით ნასროლი ქაღალდის პაწაწა ბურთულა მომხვდა. მივხვდი, მომავალში მსგავსი სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად ამ ბავშვებთან ადამიანური საუბარი, ღიმილი და თბილი მოპყრობა უფრო გაჭრიდა, ვიდრე მკაცრი ტონი და საყვედურები. მახსოვს, ისინი ხელს გაოცებით მართმევდნენ და ძალიან მალე  ისეთმა ბავშვებმაც დაიწყეს გულიანად სწავლა, ვისაც 3-4 წლის მანძილზე წიგნი საერთოდ აღარ გადაეშალათ. დირექციის გაოცებაც მახსოვს, როცა მოულოდნელად კარს შემომიღებდნენ ხოლმე  და გაკვეთილს ყველა ყვებოდა, აქტივობებში ყველა ერთვებოდა, მათ შორის ისეთებიც, ვისაც მშობლები საერთოდ არ ჰყავდა ან ჰყავდა და წლების მანძილზე საერთოდ არ ენახა. შეუძლებელი არაფერია, თუკი კლასში თანასწორ საზოგადოებას განვავითარებთ, ყველა ინდივიდს სათანადოდ დავაფასებთ და პატივისცემით მოვეპყრობით, მოსწავლეებში დადებით ღირებულებებს გავაღვივებთ, შევაფასებთ სწავლისათვის და არ ვასწავლით მხოლოდ  შეფასებისთვის, მაშინ მოსწავლეს განუვითარდება ის უნარები, განწყობა და აღქმა, რომელიც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ყველა ინდივიდი დაფასებულია.
ინკლუზიური განათლების შესახებ ის მოსაზრება, რომ ყველა ბავშვი, საჭიროებებისა და უნარების მიუხედავად, თანატოლებთან ერთად უნდა სწავლობდეს საჯარო სკოლაში, საკმაოდ ვალიდურია დასავლურ საზოგადოებაში, სადაც განათლების უფლება დიდი ხნის მოპოვებულია. იქ, სადაც ეს თანდათანობითი პროცესი ბუნებრივი პროგრესიით განვითარდა. ამის შედეგია, რომ განმანათლებლები დაინტერესებული არიან, ყველა სკოლაში დაინერგოს მიდგომა, რომელიც მრავალფეროვან მოსწავლეთა სწავლებას შეუწყობს ხელს. თუმცა ევროპელი ექსპერტების შეფასებით, აუცილებელია მასწავლებლების ადეკვატური მომზადება, რათა  უპასუხონ უფრო ფართო მოსახლეობის საჭიროებებს. (Taba, 1962; York  და Reynolds, 1996).  მათივე რჩევით, ინკლუზიური განათლების განსავითარებლად მასწავლებელმა საკუთარ საქმიანობას უნდა გადახედოს, რათა ყველა მოსწავლის მხარდამჭერ სწავლებას შეუწყოს ხელი და ჩართულობას უნდა შეხედოს, როგორც სოციალურ და საგანმანათლებლო პროცესს (როუზი და ენგი, 2013).
 ინკლუზიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად საჭიროა სწავლის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, რაც მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს ითვალისწინებს. ეფექტური მასწავლებლები ინკლუზიურ საკლასო ოთახში ყველა ხერხს იყენებენ, რათა მოსწავლეებს სწავლაზე ხელი მიუწვდებოდეს. სტრატეგიების ეს ჩამონათვალი მასწავლებელს მის კლასში მყოფი ინდივიდების საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, რათა კლასის საჭიროებებზე ჩანაწერები აწარმოოს. მასწავლებლები, რომლებიც ჩართულობაზე იღებენ ვალდებულებას, სასწავლო გარემოს შესაქმნელად არა მხოლოდ სწავლების მეთოდებს აფასებენ, არამედ მოსწავლის საჭიროებებსაც (Black-Hawkins, Florian and Rouse, 2007).
13
მოსწავლეების დიფერენცირების ჩამონათვალი
✓ შინაარსის დიფერენცირება: მაგალითად: ჯგუფში ყველა მოსწავლე ერთ მიზანზე მუშაობს, როგორც კითხვის კომპეტენცია, მაგრამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა სქემებს იყენებს.
✓ დიფერენცირება დაინტერესების მიხედვით: მაგალითად: ყველა მოსწავლე სწავლობს გრაფიკების აგებას, მაგრამ გრაფიკებში წარმოდგენილი მონაცემები მოსწავლეების პირადი ინტერესების მიხედვით არის შერჩეული.
✓ ტემპის დიფერენცირება: ყველა მოსწავლე მუშაობს ერთსა და იმავე დავალებაზე ან ერთი და იმავე მასალის გამოყენებით, მაგრამ დავალების შესრულების დრო განსხვავებულია.
✓ ხელმისაწვდომობის დიფერენცირება: ინდივიდუალურ მოსწავლესთან განსხვავებული მასალით ან მეთოდებით ხდება მუშაობა. მაგალითად: ერთი მოსწავლე წერს ფანქრით, მეორე – კომპიუტერის მეშვეობით, ხოლო მესამე – დასურათებულ ნაშრომს წარადგენს.
✓ შედეგის დიფერენცირება: ერთი მოსწავლე წერს მოთხრობას, მეორე ხატავს მოთხრობის ამსახველ სურათს, ხოლო მესამე აკეთებს ამ მოთხრობის აუდიოჩანაწერს.
✓ კურიკულუმის დიფერენცირება: მოსწავლეები კურიკულუმს უერთდებიან სხვადასხვა დროს ან კურიკულუმში თანატოლებისაგან განსხვავებულად არიან ჩართულნი.
✓ სტრუქტურის დიფერენცირება: ზოგიერთი მოსწავლე ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობს (კურიკულუმში გაანალიზებული დავალებები).
✓ დროის დიფერენცირება: ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მასწავლებელი მეტ დროს უთმობს გარკვეულ მოსწავლეებს კონკრეტული დავალებების შესრულებისას.
✓ სწავლების სტილის დიფერენცირება: მაგალითად, ზოგიერთ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური ინსტრუქცია, სხვები კი მუშაობენ პატარა ჯგუფებსა ან წყვილებში.
✓ დონის დიფერენცირება: მოსწავლეები ერთნაირი თანმიმდევრობით, მაგრამ სხვადასხვა დონეზე მუშაობენ, მაგალითად მათემატიკაში.
✓ დიფერენცირება დაჯგუფებით: მასწავლებელი მოსწავლეებს აჯგუფებს კონკრეტული აქტივობებისათვის. მოსწავლეები ერთმანეთს მხარს უჭერენ ან მუშაობენ ისეთ თანატოლებთან ერთად, ვისთანაც კომფორტულად გრძნობენ თავს
.
უცხოეთში იმ სკოლების მაჩვენებელი, რომლებიც ეწევიან ინკლუზიურ პრაქტიკას და ხელს უწყობენ მასწავლებლის მიერ შეფასებას სწავლისათვის და სხვადასხვა საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვის დაგეგმარებას, ხშირად სხვა სკოლებზე, უკეთესია. მასწავლებლები, რომლებიც დასწავლის უნარის დაქვეითების მქონე მოსწავლეებისათვის ეფექტური დიფერენცირების მეშვეობით გეგმავენ აქტივობებს, ხშირად აღმოაჩენენ, რომ ეს აქტივობები და სწავლების სტრატეგია სხვა მოსწავლეებისათვისაც სასარგებლოა. ზოგიერთი მასწავლებლისა და მშობლის წუხილიც, რომ კლასში სსსმ მოსწავლეა და დანარჩენ მოსწავლეებს ყურადღება მოაკლდებათ, უსაფუძვლო აღმოჩნდება. კარგად ორგანიზებულ ინკლუზიურ კლასებში, სადაც მასწავლებლები იყენებდნენ შეფასებას სწავლისათვის, დიფერენცირებულად გეგმავდნენ გაკვეთილებს და ყურადღებით ანაწილებდნენ რესურსებს, ეს შიში არ მართლდება (Rouse and Florian, 2006). ასეთ სიტუაციაში, მეტი შესაძლებლობის მოსწავლეები მხარს უჭერენ დასწავლის პრობლემების მქონე მოსწავლეებს. მათი როლი ტოლებისათვის სასწავლო შინაარსისა და პროცესის ახსნაა. ამ დროს ისინი იძულებულნი არიან ყურადღებით იფიქრონ გაკვეთილის თემაზე და ამით საკუთარი ცოდნაც გაიღრმავონ. ასეთ სიტუაციაში ნაკლები შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები წინ მიიწევენ სხვების დახმარებით, რომლებიც ეფექტურ როლურ მოდელებად იქცევიან მათთვის. შესაძლოა, თანატოლს ისეთი კითხვები დაუსვან, რომელსაც მასწავლებელს, როგორც ავტორიტეტს, ვერ დაუსვამენ. შესაბამისად, შერეული უნარების სიტუაციაში ყველა მოსწავლე სწავლობს ერთმანეთისაგან, ყველა ატიური და ჩართულია. ეს კი ყველასთვის სასარგებლოა.

გამოყენებული ლიტერატურა:
  1. Garner, P. and Davies, J. D., (eds.) (2007). Key Questions in Behaviour.
  2. Garner, P. (2005). ‘Behaviour for Learning: A Positive Approach to Managing Classroom Behaviour’, in S. Capel, M. Leask & T. Turner (eds.) Learning to Teach in the Secondary School. London: Routledge. Exeter: Learning Matters
  3. ენგი, კ. რ., როუზი, რ., შეფასება სწავლისთვის ინკლუზიურ სკოლებში, ნორვეგიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბ., 2013.
http:||vet.ge|wp-content|uploads|2013|10|bookl-geo.pdf

,,გზამკვლევი სპეცმასწავლებელთათვის".
თავი: საგაკვეთილო პროცესი. | ინკლუზიური განათლება(2011 წელი).

http:||ncp.ge|files|inclusion%20education|wignebi|28%20inkluzia-ojaxi%20skola%20bavshvi.pdf

,,გზამკვლევი მასწავლებელთათვის"- სწავლების მათოდები ინკლუზიურ განათლებაში.

,, გზამკვლევი მასწავლებელთათვის"- სწავლების მეთოდები ინკლუზიურ განათლებაში.  ქართული ენა და ლიტერატურა.